სვანიძის ზეთისხილი
სოფლის მეურნეობის პროდუქტები
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
საქართველოში დანერგილი ზეთისხილის კულტურა - „სვანიძის ზეთისხილის“ კომპანიის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო. „სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სვანიძეა, ბიზნესმენი, რომელიც წლების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში იმ მიზნით, რომ თავისი რესურსები ქვეყნის აგრარული სექტორის გაძლიერებისთვის და თანამემამულეებზე ზრუნვისთვის მოეხმარა, სწორედ ამიტომ მან ზეთისხილის გაშენებასა და წარმოებას მიჰყო ხელი, პირველი ნერგები 2009 წელს 500 ჰექტარზე დარგო, დღეს კი ბაღის მოცულობა 1500 ჰექტრამდე ფართობს მოიცავს. გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC), რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 46 ქვეყანას მოიცავს, რაც მსოფლიოს ბაზრის 94%-ია. გიორგი სვანიძე თავად ამ საბჭოს ორგზის არჩეული პრეზიდენტი გახდა 2019-2021 წლებში, დღეს კი საპატიო ელჩის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში. ადგილობრივი ფერმერებისთვისაც ზეთისხილის დარგვა-გახარებაში ხელის შეწყობის მიზნით მან შექმნა საქართველოში პირველი ზეთისხილის სანერგე მეურნეობა, სადაც დღეს უკვე გამოყვანილია ქართული ზეთისხილის 1 000 000-მდე ნერგი და მსურველებს შეუძლიათ როგორც ნერგების შეძენა, ასევე რეკომენდაციის მიღება დარგვისა და მოვლის შესახებ. ფერმერებმა დიდი ენთუზიაზმით მიიღეს ეს სიახლე და დღეს ისინი 1000-მდე ჰექტარ ზეთისხილის ბაღს ფლობენ, მოსავალს აბარებენ სვანიძის საქართველოში პირველ ზეთისხილის გადამამუშავებელ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში, რომელიც სოფელ საქობოში, კახეთში მდებარეობს. საწარმოში პროდუქცია იწარმოება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სტანდარტების მიხედვით. კომპანიის დამოკიდებულება ხარისხისადმი ურყევია, რასაც ადასტურებს მოპოვებული „ქართული ხარისხის“ ნიშანი. „სვანიძის ზეთისხილი“ მრავალ ღირებულებას ქმნის საქართველოს წინაშე, იგი ზრუნავს ერის ჯანმრთელობაზე ზეთისხილის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, პროდუქციის წარმოებითა და ექსპორტით აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, გაუდაბნოებული ადგილების ზეთისხილის ბაღად გადაქცევით კი ავითარებს აგრარულ სექტორსა და ხელს უწყობს ფონდს ”გაამწვანე საქართველო“, ყოველწლიურად ქმნის დამატებით 150-მდე სამუშაო ადგილს და ამასთან ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება საკუთარი ბაღების გაშენებაში. კომპანია ყოველწლიურად 500 ჰექტრით მაინც აფართოებს ბაღებს, შემდეგი ორი წლის გეგმაც ამას უკავშირდება - გაიზრდება გამოყვანილი ნერგების რაოდენობა, გაშენებული ბაღების მოცულობა, პროდუქციის წარმოება და მიწოდება, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.