ნატურალური ღვინის ჰაბი

ნატურალური ღვინის ჰაბი

ტურიზმი

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ნატურალური ღვინის ჰაბი ღვინის ბარისა და საოჯახო მარნის ერთგვარი სინთეზია, სადაც ტურისტები უშუალოდ ეხებიან მე-11 საუკუნის მეღვინეობის კულტურულ შრეებს და ამის ფონზე იგემოვნებენ იშვიათ, ექსკლუზიურ, მაღალი ხარისხის ნატურალურ ღვინოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მაღალი ღირებულების, ინოვაციურ ტურისტულ პროდუქტს ღვინის ტურიზმში დიდი დოზით შემოაქვს შემეცნებითი, კულტურული მემკვიდრეობის, აგრო, გასტრო და ეკოტურიზმის ელემენტები. ესაა ნატურალური ღვინის ბარი სოფლად, სამუზეუმო, ეთნოგრაფიული და მწვანე სივრცეებით, სადაც, ღვინოები წარმოდგენილია მათ დაყენებასთან დაკავშირებულ მიკრო-კულტურებთან, ისტორიებთან და ადამიანებთან. პროდუქტი ორიენტირებულია ტურისტზე, როგორც ინდივიდზე, რომელსაც ეძლევა ფართო არჩევანი და შეუძლია აღმოაჩინოს არა მხოლოდ საუკეთესო და განსაკუთრებული, არამედ, პირველ რიგში, თავისი გემოვნების ღვინო. ღვინის დაგემოვნების პარალელურად, ქიუარკოდებისა და გიდის დახმარებით, ეცნობა მის ავტორს (მეღვინეს), წარმოების პროცესს, ღვინის თვისებების განმსაზღვრელ გარემოებებს (ჯიში, ზონა, მიკროზონა, ტექნოლოგია) და ექმნება წარმოდგენა ღვინის კულტურის შესახებ ეროვნულ დონეზე. ტურისტს ეძლევა სტიმული, უფრო დიდხანს დარჩეს „ღვინის გზაზე“ და ესტუმროს პროექტის პარტნიორ მარნებს. საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორი კახეთში აუცილებლად ელოდება განსაკუთრებულ გამოცდილებას ღვინოსთან დაკავშირებით. სულ უფრო იზრდება ტურისტების რაოდენობა, რომელიც ეძებს განსხვავებულ, ინდივიდუალურ, სახასიათო, მცირე წარმოების, ქვევრის ნატურალურ ღვინოებს; პოპულარული ხდება ექსკლუზიური, სახელობითი ღვინოების შეთავაზება ადგილზე დაგემოვნებით, რაც მევენახეობა-მეღვინეობის ოჯახურ ტრადიციაზეა დაფუძნებული. ტურისტები მუდმივად ორიენტირებული არიან, ერთგვარი მოგზაურობა მოიწყონ „ღვინის გზაზე“ და ცალკეულ ტურებში რამდენიმე მარანში ვიზიტი გააერთიანონ, რაც, მაინც ლიმიტირებულია დროიდან და რესურსებიდან გამომდინარე. ამ თვალსაზრისით, ნატურალური ღვინის ჰაბი უნიკალური ტურისტული პროდუქტია, რომელმაც ტურისტს ერთბაშად აკმაყოფილებს როგორც საოჯახო გარემოში ექსკლუზიური ღვინის დაგემოვნების მოთხოვნილებას, ასევე, საშუალება აძლევს, გასინჯოს ნატურალური ღვინოების ფართო ასორტიმენტი და მიიღოს ვრცელი ინფორმაცია თითოეულ ღვინოზე. ამ მხრივ, ჰაბს აქვს ერთგვარი საინფორმაციო ცენტრის ფუნქცია და ტურისტს ეხმარება სწორად ორიენტირდეს „ღვინის სამშობლოში“, როგორც კახეთის რეგიონის, ასევე მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. პროექტის შემეცნებით-კულტურულ მხარეს კიდევ უფრო სრულფასოვნად წარმოადგენს „ღვინის მუზეუმის“ კონცეპტი, რომელიც წარმოდგენილია ადგილზე აღმოჩენილი ათასწლეულის წინანდელი ქვევრებით და სხვა არტე-ფაქტებით. ღვინოების ფართო არჩევანი თითქმის გამორიცხავს იმის რისკს, რომ ტური წარუმატებელი იქნება. ჰაბი გათვლილია როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ტურისტებზე, რომელთაც სურთ, მიიღონ განსხვავებული გამოცდილება ქალაქგარეთ, ოჯახურ გარემოში - მომსახურების თანამედროვე სტანდარტით. ამისთვის ჰაბს აქვს ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, თბილისიდან 70 კილომეტრზე (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი), პოპულარულ ტურისტულ ზონაში. მასპინძელი ოჯახი შედგება გამოცდილი მეღვინე-მევენახეების, ეკოლოგების და ბიოლოგებისგან, რომელთაც აქვთ როგორც ამ დარგების განათლება და პროფესიული გამოცდილება, ასევე ოჯახის უწყვეტი ტრადიციით მიღებული ცოდნა და ნატურალისტ მეღვინეებთან მჭიდრო მეგობარობა. ნატურალური ღვინის ჰაბის ტურისტული სერვისების სახეობრივი მრავალფეროვნება ქმნის კომპლექსურობის და მთლიანობის, მეტიც, უსასრულობისა და თავისუფლების შეგრძნებას, რადგან შეთავაზებები არ არის ადვილად ამოწურვადი. ყველა ცალკეული კომპონენტი წარმოდგენილია ფართო სპექტრით. ესენია: • 30-მდე სახელობითი ნატურალური ღვინო გეოგრაფიული და თვისებრივი მრავალფეროვნებით; • თითოეულ ღვინოსთან შეხამებული, ძირითადად, მშრალი ხემსი, რომელიც შერჩეულია სხვადასხვა კუთხეების გასტრონომიიდან; • ტექსტობრივი და ფოტო-მასალა თითოეული ღვინის ისტორიის შესახებ; • შიდა სადეგუსტაციო სივრცე - ისტორიული, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ელემენტებით; • გარე სადეგუსტაციო სივრცე; • მწვანე სივრცეები. ძირითადი შეთავაზებები: • ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასი, ისტორიულ-კულტურული ექსკურსით; • ბოთლში ჩამოსხმული ღვინოების გაყიდვა. მეორადი შეთავაზებები: • ღვინის წარმოების ტრადიციებთან დაკავშირებული იმიტირებული მასტერკლასები; • ვახშამი; • კორპორაციული და სახელობითი ღვინის საღამოები (მეღვინის მოწვევა ნატურალური ღვინის ჰაბში). ჰაბისთვის შემუშავებულია მარკეტინგული სტრატეგიები და ინოვაციური ბრენდირებული პაკეტები. მაგალითად, ესაა სადეგუსტაციო და სასაჩუქრე პაკეტი: „ოთხი რქაწითელი“, რომელშიც შედის მთავარი კახური ყურძნის ოთხი ჯიშისგან დამზადებული წითელი, ვარდისფერი, ქარვისფერი და თეთრი ღვინოები. მათ შორის შედის წითელი რქაწითელის პირველი კომერციული ჩამოსხმა, რომელიც მზადდება „შავი რქაწითელის“ იშვიათი ჯიშისგან. ღვინის ასორტიმენტში წარმოდგენილია როგორც ძირითადი, ასევე იშვიათი ჯიშები, რომელთა ნაწილი ბაზარზე პირველად გამოდის. ამის მაგალითია ინსტიტუტის გრძელმტევანას (ტყის ვაზი) ახლად გაშენებული ვენახი, რომლის პირველი მოსავლისგან დამზადებული ღვინოც ნატურალური ღვინის ჰაბში გაიყიდება. ღვინოების დაგემოვნების მასტერკლასი ჩატარდება მეღვინის უშუალო მონაწილეობით. ბრენდირებული ღვინოების გარდა, ტურისტები შეძლებენ რამდენიმე საოჯახო ღვინის გასინჯვასაც, რომლებიც შერჩეულია გამოცდილი მეღვინეებთან ერთად, ნატურალური მეურნეობებიდან. ნატურალური ღვინის ჰაბის სამიზნე ბაზარი მორგებულია მაღალი ღირებულების ტურისტული მომსახურებებზე და გათვლილია როგორც მაღალი და საშუალო მყიდველუნარიან მომხმარებლებზე (უცხოელი ტურისტები და ღვინის ადგილობრივი გურმანები), ასევე ბიუჯეტურ სეგმენტზეც (სტუდენტები, ახალგაზრდობა). პარტნიორი მარნების შერჩევისას დაცულია გენდერული ბალანსი, რაც გარკვეულწილად ზრდის ქალი მომხმარებელების რაოდენობას. ჰაბი აერთიანებს რამდენიმე მარკეტინგულ პროექტს: • „ღვინის გზა“ - ტურისტების აღნიშნულ კატეგორიას ჰაბში მოიყვანს სახელმწიფო და ადგილობრივ გზებზე განთავსებული მანიშნებელი ტრაფარეტები. ამ კუთხით, ჰაბი ეყრდნობა უკვე არსებულ გამოცდილებას, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სტუმრების მიღებას წინასწარი ორგანიზების გარეშე, მეორე მხრივ კი მოითხოვს მუდმივ მობილიზაციას და მზაობას ტურისტების მისაღებად. ტრადიციულად, ვიზიტები ხორციელდება როგორც ძირითადი დანიშნულების სტატუსით (ღვინის ტურიზმი), ასევე, კულტურული, ეკო, აგრო და სხვა ტიპის ტურების შემავსებელი ნაწილის სახით; • ორგანიზებული ტურები - ჰაბი მოამზადებს ახალ და განახლებულ პარტნიორულ შეთავაზებებს ტურისტული სააგენტოებისთვის და გიდებისთვის, რომლებიც შერჩეულია როგორც თემატური, ასევე გეოგრაფიული სპეციფიკით; • „ქალაქთან ახლოს, მყუდრო გარემოში“ - ჰაბი თბილისის ღვინის ბარების მოყვარულებს სთავაზობს ახალ ალტერნატივას ქალაქგარეთ, ძირითადად, შაბათ-კვირის გასატარებლად; • „ივენთები“ - სპეციფიკიდან გამომდინარე, ჰაბი იმუშავებს ღვინის საღამოებისა და დეგუსტაციების ორგანიზების მიმართულებით და ტურისტებს შესთავაზებთ შეხვედრას ცნობილი ღვინოების ავტორებთან. ცალკეულ შემთხვევებში, გამოიცდება სამეცნიერო (შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალისტებთან) და კულტურული მიმართულებაც (ხელოვნება, ლიტერატურა). ამ მხრივ, ჰაბი ითანამშრომლებს („იმეგობრებს“) ცნობილ მწერლებთან; • „კორპორაციული ივენთები“ - მომზადდება შეთავაზებები კომპანიებისთვის კორპორატიული საღამოების გასატარებლად; • ღვინის კოლექციონერები - ჰაბში ვიზიტი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ერთდორულად ათეულობით საკოლექციო ღვინის შეძენის პერსპექტივიდან გამომდინარე; • ონლაინ-გაყიდვები - ღვინის ონლაინ-მაღაზია და ადგილზე მიტანის მომსახურება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ჰაბის შეთავაზებებით ისიამოვნონ სახლიდან გაუსვლელად; • „დანიშნულების ადგილი - კაჭრეთი“ - ჰაბი მოემსახურება კაჭრეთის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ვიზიტორებს. სოფელს ყოველდღიურად სტუმრობს ასობით დამსვენებელი და ტურისტი, რომელთა ნაწილი ცდილობს გაიმრავალფეროვნოს დასვენება და მოინახულოს ადგილობრივი მიზიდულობის ცენტრები.