კაფე გლიცინია

კაფე გლიცინია

რესტორნები, კაფეები, ბარები, კლუბები

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

მრავალფუნქციური კაფე გლიცინია 2023 წლის 12 მაისს გაიხსნა იმერეთში, ბაღდათში. მისი დამფუძნებლები არიან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია ფურცელაძე და ფოტოგრაფი გიორგი ცაავა. წყვილი თბილისში 20-წლიანი ცხოვრებისა და საქმიანობის შემდეგ მშობლიურ ქალაქ ბაღდათში დაბრუნდა და ასე დაიწყო ბიზნესი რეგიონში ,,აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით (ინფორმაცია იხ.: https://www.youtube.com/watch?v=mrFfQvSR12o ; https://www.shin.ge/index.php/mozaika/5047-tsol-kmris-mier-sakutari-khelit-motskobili-kape-saloni-bagdatshi-da-tbilisidan-mshobliur-mkhareshi-dabrunebuli-ojakhis-akhali-tskhovreba ). კაფე გლიცინია სტუმრებს სთავაზობს საინტერესო სამზარეულოს და დასვენების, გართობისა და განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს. ბაღდათში მსგავსი სივრცე არ არსებობდა. კაფეს პრიორიტეტული მიმართულებაა არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. კაფეს დამფუძნებლები ატარებენ სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობებს, რათა ბაღდათელ ახალგაზრდებს (და არა მხოლოდ მათ) შეუქმნან განვითარების იმგვარი შესაძლებლობები, რომლებიც აქამდე მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო. კაფე გლიცინიას ორგანიზებით გაიამართა არაერთი საგანმანათლებლო შეხვედრა, მაგალითად: შეხვედრა უფლებადამცველ ანა თავხელიძესთან (თემა - ბავშვთა უფლებები); შეხვედრა ჟურნალისტ იანა კოხოძესთან (თემა - გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები); შეხვედრა ევროპის საბჭოს კონგრესში ახალგაზრდა დელეგატთან - ანა ეგუტიძესთან (თემა - ახალგაზრდული პროექტები და აქტიური მოქალაქეობა); კაფე გლიცინია აქტიურად თანამშრომლობს ბაღდათელ მოსწავლეთა ეკოკლუბთან და ხელს უწყობს მათ განვითარებაში. კაფე გლიცინიას დამფუძნებელი კაფეს ბიბლიოთეკაში ატარებს მოხალისეობრივ შეხვედრებს და ბავშვებს ასწავლის, როგორ შექმნან განმავითარებელი სამაგიდო თამაშები. მაგალითად, სწორედ გლიცინიას ბიბლიოთეკაში ოქტომბერში ნათია ფურცელაძის ორგანიზებით შეიქმნა მეორადი ნარჩენებისგან ხელნაკეთი თამაში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავახარისხოთ ნაგავი, ასევე - მეხსიერების თამაში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, შემდეგ ბაღდათობის დღესასწაულზე ეს თამაში ეკოკლუბელებმა არაერთ ბაღდათელს გააცნეს და ამგვარად აამაღლეს მათი ცნობიერება, როგორ გამოიყენონ გონივრულად ნარჩენები, რა პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ მოქალაქეს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და რისი გაკეთებაა შესაძლებელი ამისთვის. 2023 წლის მაისიდან ბაღდათში ხორციელდება პროექტი - ,,სოციალური და ემოციური კომპეტენციების ხელშეწყობა ბაღდათის სკოლებში", რო���ლის ფარგლებშიც ჩატარდა 8 ტრენინგი ქართულის მასწავლებლებისთვის. კაფე გლიცინიამ უსასყიდლოდ დაუთმო პროექტის მონაწილეებს სამუშაო სივრცედ ბიბლიოთეკა. 2023 წლის ოქტომბერში გლიცინიას დამფუძნებლის ორგანიზებით ბაღდათში პირველი ლიტერატურული ფესტივალი გაიმართა. სწორედ კაფეში იმართებოდა ფესტივალის საორგანიზაციო შეხვედრები, სხვადასხვა აქტივობა. გლიცინია მასპინძლობს კინოჩვენებებს, ნოემბერში კაფეში გაიმართა გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებული შეხვედრა სტერეოტიპების წინააღმდეგ. ფონდის წარმომადგენლებმა მოწვეულ ახალგაზრდებს წარუდგინეს სამაგიდო თამაში პერსონა, შემდეგ კი თამაშიც ჩატარდა, რომელშიც დაახლ. 30 ბაღდათელი ახალგაზრდა იყო ჩართული. ნოემბერში გლიცინიას ესტუმრნენ ზესტაფონელი მოსწავლეები, რომელთაც სურდათ კაფეს დამფუძნებლების გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ შეიძლება პროექტის დაწერა, რას გულისხმობს სოციალური მეწარმეობა და სხვა. Gault&Millau Georgia-მ ნოემბერში კაფე გლიცინია იმერეთის საუკეთესო ახალ რესტორნად დაასახელა. მაღალია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრების ინტერესი კაფეს სამზარეულოსა და ინტერიერის მიმართ. ეს ინტერესი გლიცინიას დამფუძნებლებს შესაძლებლობას აძლევს, ხელი შეუწყონ ბაღდათის ტურიზმის განვითარებას, ასევე ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეების პოპულარიზაციის ზრდას და ამგვარად იზრუნონ იმერეთის პატარა მინიციპალიტეტზე.