ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
განათლება, მეცნიერება, დასაქმება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, აი უკვე ოცი წელია, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იბრძვის და საკმაოდ წარმატებულადაც. ჯერ კიდევ 2003 წლიდან მოყოლებული, როდესაც ჯერ არც ოჯახში ძალადობის კანონი არსებობდა და შესაბამისად არც თავშესაფარი ამ კატეგორიის ქალებისათვის, ძდექი ყველა იმ ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, უზრუნველყოფდა თავშესაფრით, სადაც 24 საათიან რეჟიმში მათ უსაფრთხოებასა და გაძლიერებაზე ძდექ-ის თანამშრომლები ზრუნავდნენ. დღეს, ეს თავშესაფარი, ადგილობრივი თუ უცხოელი ექსპერტების შეფასებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია არამარტო ინფრასტუქტურით, არამედ იმ პროგრამებით, რომლებიც ბენეფიციარების გაძლიერებაზეა მიმართული. ათასობით ძალადობის მსხვერპლმა ქალმა თბილისსა თუ საქართველოს რეგიონებში , მიიღო ორგანიზაციის კვალიფიციური სპეციალისტებისგან სამართლებრივი დახმარება და გაიარა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. კანონშემოქმედებითი საქმიანობა ერთ-ერთი პრიორიტეტულია ორგანიზაციისთვის. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ანგარიშზე 5 საკანონმდებლო ინიციატივაა, რომლის საფუძველზე 22 კანონში შევიდა ცვლილება, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქართველოს კანონმდებლობა და კიდევ უფრო შესაბამისი გახადა საერთაშორისო სტანდარტებთან. ტრენინგები პოლიციელებისთვის, პედაგოგებისთვის, მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის და ყველა იმ სპეციალისტისთვის, რომელთა პროფესიონალიზმზე დამოკიდებულია ძალადობის მსხვერპლთა დროული და კვალიფიციური დაცვა, ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა. დაარსების დღიდან ძდექ-ის პროექტების ფარგლებში ათასობით ადამიანმა აიმაღლა ცოდნის დონე და მგრძნობელობა ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის თუ ოჯახში ძალადობის საკითხების შესახებ ძდექ-ი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამებზე მუშაობა დაიწყო. ჯერ კიდევ 2012 წელს, ძალადობრივი დანაშაულის გამო პრობაციის აღრიცხვაზე მყოფმა პირებმა გაიარეს პროგრამა, რომელიც ორგანიზაციამ შემდგომში სხვადასხვა პროექტების ფარგლებში განავითარა. 2015 წელს კი ძდექ-ი გახდა მოძალადეებთან მუშაობის საერთაშორისო ქსელის წევრი ორგანიზაცია. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი, მიმართულია ქალთა გაძლიერებისა და ძალადობრივი გარემოს შემცირებისკენ. თუმცა, ეს ყოველივე წარმოუდგენელია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე.