Rovi
მომსახურება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
კომპანია „როვი“, საბუღალტრო, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში ოპერირებს და დაარსების დღიდან მის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ინოვაციური, არასტანდარტული და უმაღლესი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. დღეს, როდესაც ვმონაწილეობთ TBC ბანკის დაჯილდოებაში, ნომინაციაში „სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია“, გვსურს, წარმოგიდგინოთ ჩვენი საქმიანობა, რომელიც სრულად ასახავს ჩვენს ერთგულებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და გარემოს, ბუნებისა და ადამიანების კეთილდღეობის მიმართ. „როვის“ დაფუძნების დღიდანვე, ჩვენი სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მინიმუმამდე დაგვეყვანა ქაღალდის მოხმარება, რაც, საბოლოოდ, მისი სრული ამოღებით დასრულდა. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო არა მხოლოდ ეკონომიური მოსაზრებებით, არამედ ღრმა პასუხისმგებლობით გარემოს მიმართ. ჩვენ აქტიურად დავნერგეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, სისტემები და ციფრული გადაწყვეტილებები, რამაც შესაძლებელი გახადა პროცესებისა და დოკუმენტბრუნვის 100%-ით გაციფრულება და სისტემატიზაცია. ჩვენი ინიციატივა ამით არ შემოფარგლულა: ჩვენი გუნდი აქტიურად თანამშრომლობს კლიენტებთან, რათა ისინიც გადავიდნენ უქაღალდო სისტემაზე. დღეისათვის, ჩვენი კლიენტების 70%-ზე მეტმა წარმატებით დანერგა თანამედროვე პროგრამები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ქაღალდის მოხმარება მათ საქმიანობაშიც. პოტენციურ კლიენტებთან და დაინტერესებულ პირებთან მოლაპარაკებებისას, წინასწარ ხდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა და მათი დაინტერესება. გვჯერა, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, „როვი“ ფუნქციონირებს დისტანციურად, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც უნიკალურ გამოწვევებს ქმნის თანამშრომლების განვითარებისა და კორპორაციული კულტურის შენარჩუნების კუთხით. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ თითოეულმა თანამშრომელმა იგრძნოს თავი კომპანიის ზრდისა და განვითარების განუყოფელ ნაწილად. ამ მიზნით, ჩავატარეთ სიღრმისეული კვლევა, შევისწავლეთ თანამშრომლების ხედვა, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და თემის სენსიტიურობა. ამ ანალიზის საფუძველზე, ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით თითქმის სრულყოფილი სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომელი თავს გრძნობს კომპანიის მიზნებისა და განვითარების ნაწილად. დავიწყეთ OKR (Objectives and Key Results) სისტემის დანერგვა, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, თვალყური ადევნონ საკუთარ მიღწევებს, აკონტროლონ პროგრესი და აქტიურად იყვნენ ჩართულნი კომპანიის საქმიანობაში. „როვიში“ საქმიანი პროცესი აღარ არის „საქმე საქმისთვის“. ეს არის გუნდური მუშაობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, და ერთმანეთის ზრდაზე ზრუნვის პროცესი. ჩვენი გუნდი შედგება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებისგან. ეს გვაძლევს საშუალებას, ხელი შევუწყოთ რეგიონების განვითარებას და ადამიანებს მივცეთ შანსი, დასაქმდნენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან გაუსვლელად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც მათ ფინანსურ ტვირთს (ტრანსპორტი, საცხოვრებელი), ასევე ეკოლოგიურ კვალს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, კომპანია იზრდება, თითოეული თანამშრომელი ვითარდება და თვითგანვითარების შესაძლებლობა ეძლევა, და ჩვენი დამკვეთების რაოდენობაც მუდმივად იზრდება, რაც ჩვენი მოქნილი გრაფიკითა და მუშაობის პროცესის ეფექტურობით არის განპირობებული. დაფუძნების დღიდან, როდესაც 2 თანამშრომლით დავიწყეთ, დღეს ჩვენი გუნდი დაახლოებით 15 ადამიანს ითვლის. ეს ზრდა ჩვენი გამჭვირვალე მიდგომებისა და თანამშრომლების აქტიური ჩართულობის შედეგია. ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ამით არ შემოიფარგლება, „როვი“ აქტიურად არის ჩართული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროცესში. ჩვენ მუდმივად ვატარებთ ვებინარებს, ვორქშოპებსა და ტრენინგებს, როგორც ჩვენი შიდა რესურსებით, ასევე პარტნიორი კომპანიების ჩართულობით. ამ ინიციატივების მიზანია ბაზრის განვითარება, სტარტაპებისა და არსებული ბიზნესების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება. ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობები ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: – „სწორი ფინანსური აღრიცხვა, როგორც ინვესტიციის მიღების შესაძლებლობა“ – „ბუღალტრული აღრიცხვის მნიშვნელობა და აუცილებლობა ბიზნესში“ – „გადასახადების ადმინისტრირება – როგორ ვმართოთ გადასახადები ეფექტურად“ – „ფინანსური ანგარიშგების მომზადება – როგორ მოვამზადოთ სწორად და როგორ მოვიზიდოთ ინვესტიცია“ – „დაიწყე სწორად – შპს თუ ინდმეწარმე, რომელი იურიდიული ფორმა არის უფრო უკეთესი შენი ბიზნეს იდეისთვის“ – „წარმატებული ბიზნესი – იდეიდან განხორციელებამდე“ და კიდევ ბევრ სხვა საკითხს. ამ აქტივობებიდან უკუკავშირი გვაფიქრებინებს, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ამ კუთხით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სტუდენტების განვითარებასა და ხელშეწყობას. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ვეხმარებით მათ, მარტივად მოახდინონ ადაპტაცია რეალურ ბიზნეს გარემოში, გამოიყენონ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში, გაიღრმაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და იყვნენ წარმატებულები. ამგვარად, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ „როვი“ არ არის სტანდარტული საკონსულტაციო კომპანია. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ზრუნავს თანამშრომლებზე, კლიენტებზე, პარტნიორებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეზე. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ბაზარს, ვნერგავთ თანამედროვე სისტემებს, გვიყვარს სიახლეები და თანამედროვე მიდგომები, და ყოველთვის ვართ იქ, სადაც ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ყველაზე მეტად არის საჭირო.