შპს გოგორა
წარმოება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
გოგორა 2021 წელს პატარების უსასრულო თამაშებისთვის შეიქმნა. ეს არის სოციალური საწარმო, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ბავშვებისთვის უსაფრთხო, ეკომეგობრული და განმავითარებელი ავეჯის ხელმისაწვდომობას, რომლებიც ეფუძნება მონტესორის, ვალდორფის, პიკლერისა და სხვა ბავშვთა აღზრდის თანამედროვე ჰუმანურ მეთოდებს. ჩვენი მისიაა მხარი დავუჭიროთ მშობლებსა და აღმზრდელებს ბავშვების პოზიტიურ აღზრდაში. ჩვენი საწარმოები თბილისში და აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში – ქედაში მდებარეობს, სადაც ვქმნით დასაქმების შესაძლებლობებს ადგილობრივებისთვის. ჩვენთან დასაქმებულები არიან იძულებით გადაადგილებული პირები, ახალგაზრდები, მრავალშვილიანი დედები. დიდი ძალისხმევის შედეგად, ლატვიური, ესტონური და გერმანული წარმოების პრაქტიკის შესწავლით და დანერგვით, ჩვენ მოვახერხეთ და ვქმნით ევროპული ხარისხისა და სტანდარტების მქონე საბავშვო ავეჯს საქართველოში. ქართველ მომხმარებელს ვთავაზობთ ბავშვთა განმავითარებელ ავეჯს უცხოურ ხარისხიან ანალოგებზე ბევრად ხელმისაწვდომ ფასად. დღეისათვის, ჩვენი საქმიანობის განსაკუთრებული როლია სახელმწიფო და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა, რათა ერთობლივად გავაუმჯობესოთ საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი ინვენტარის უსაფრთხოება, ხარისხი და მდგრადობა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კანონი არ იცავს საბავშვო ავეჯის უსაფრთხოებას, რაზე ზრუნვაც ჩვენ, კერძო სექტორმა ვითავეთ. ბუნებრივია, რომ შემსყიდველთა კომპეტენცია და გაცნობიერება დაბალია, შესაბამისად, სახლის პირობებსა თუ სახელმწიფო ბაღებში საბავშვო ავეჯის ხარისხის, ეკოლოგიის თუ მდგრადობის პრობლემა კრიტიკულად პრობლემურია. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიღებული შემოსავლის 3%-ს გამოვყოფთ: - მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა ფიზიკური აქტივობის სივრცეების განვითარებისთვის, - საბავშვო ბაღის ავეჯის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ბავშვთა განვითარების ცენტრების ინვენტარით აღჭურვისათვის.