ესკი

ესკი

საცალო ვაჭრობა

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკი“ წარმოადგენს სივრცეს საქართველოში, რომელმაც პირველად გააერთიანა სოციალური საწარმოების ხელნაკეთი პროდუქცია ერთ გარემოში. მაღაზია მდებარეობს თბილისის ცენტრში, ნატო ვაჩნაძის ქუჩაზე და ამჟამად თავს უყრის 30-მდე სოციალური საწარმოს 650+ მეტი დასახელების ნივთს. ჩვენთან წარმოდგენილ თითოეულ ნივთს სოციალური დატვირთვა აქვს და მისი მომხმარებელი ახლებური იდეის გამზიარებელი ხდება - როდესაც პასუხისმგებლიანი შენაძენით შეგიძლია, სამყარო უკეთესი გახადო და დადებითი გავლენა გქონდეს სხვათა ცხოვრებაზე. „ესკის“ საქმიანობის პრიორიტეტებს წარმოადგენს სოციალური მეწარმეების ეკონომიკური მხარდაჭერა და სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობადობის ამაღლება ფართო საზოგადოებაში. გარდა ეკონომიკური მხარდაჭერისა, „ესკიში“ სოციალურად პასუხისმგებლიანი შენაძენი გააკეთა 6000-მდე მომხმარებელმა, რაც იმას ნიშნავს რომ მინიმუმ ამდენივე ადამიანმა გაიცნო ქართველი სოციალური მეწარმეები, მათი პროდუქცია და საქმიანობის დადებითი გავლენა, რაც თითოელ მათგანს აქვს გარემოსა თუ ადამიანებზე („ესკის“ მომხმარებელთა უმრავლესობა პირველად იგებს სოციალური მეწარმეობის შესახებ). უკვე მიღწეული ეს შედეგები კი ნიშნავს, რომ მომხმარებლებმა ჩვენთან ერთად იზრუნეს 50-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე, 60-მდე დევნილ და სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლებზე, 15-მდე მარტოხელა დედასა და 10-მდე კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალზე. აღსანიშნავია, რომ „ესკი“ არ წარმოადგენს მხოლოდ პროდუქციის რეალიზაციის სივრცეს, არამედ მისი კონცეფცია, მოიცავს სამუშაო ოთახსაც, რომელიც დამატებით კომფორტულ გარემოს ქმნის სოციალური მეწარმეებისთვის საქმიანი შეხვედრების გასამართად თუ გადაღებებისთვის. იმ სოციალურ მეწარმეებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საქმიანობენ ან თბილისში არ აქვთ შესაბამისად გამართული საწარმოო ფართი, „ესკი“ ეგულებათ გარემოდ, სადაც შეძლებენ, ისაუბრონ თავიანთ შედეგებზე, შეხვდნენ მედიას თუ პოტენციურ პარტნიორებს. დამატებით, ჩვენ ხშირად ვმასპინძლობთ სკოლის მოსწავლეებს საჯარო და კერძო სკოლებიდან და ვცდილობთ ახალგაზრდებში ავამაღლოთ ცნობიერება სოციალურად პასუხისმგებლიან ეკონომიკურ საქმიანობებზე და ზოგადად, მის მნიშვნელობაზე მომავალი მდგრადი განვითარებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ესკიში წარმოდგენილი თითოეული ნივთის უკან დგანან ადამიანები მნიშვნელოვანი საზრუნავით; ქალები, რომლებმაც დამოუკიდებელი განვითარების გზა იპოვეს; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები, ვინც საკუთარი სირთულეები სხვის შესაძლებლობადაც აქციეს; ადამიანთა ერთობა, რომელიც ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნავს; ინოვატორები, რომლებიც ეკოლოგოურ საფრთხეებთან გამკლავებას თავის ყოველდღიურ საქმიანობად აქცევენ. ჩვენი მისიაა, მათი ისტორიები მსოფლიოს გავაცნოთ. ამიტომაც ვმუშაობთ ისეთი სივრცის შექმნაზე, სადაც საქართველოში დამზადებული სოციალური მისიის პროდუქტები თავის ადგილს, აუდიტორიას და აღიარებას პოულობს. ვქმნით კავშირს იმ ადამიანებს შორის, ვინც მეწარმეობა სასარგებლო მიზანს დაუკავშირა და ვისთვისაც შეძენილი ნივთი მისი შექმნის მისიითაც ფასობს.